რეგიონი
ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებულების სასამართლო დაიწყო (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს გამგეობიდან გათავისუფლებულების, მაია ღორწკაიასა და ქეთო ტაბაღუას, სარჩელის განხილვა დაიწყო. ყოფილი თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ სამსახურიდან მათი გაშვება უკანონოა. ღურწკაია ასევე აცხადებს, რომ ის პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. ყოფილი საჯარო მოხელეების ინტერესს სასამართლოში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტები იცავენ.

მოსარჩელე მხარე სამსახურიდან გათავისუფლებისა და მათ პოზიციაზე სხვა პირების დანიშვნის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობას ითხოვს.

სხდომაზე მოსამართლემ მხარეებს მორიგება შესთავაზა, თუმცა გამგეობის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ თვითმმართველობაში ამ ეტაპზე ვაკანსიები არ არის. მომდევნო სხდომა 8 თებერვალს ჩაინიშნა.

გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი და "რესპუბლიკური პარტიის" წევრი მაია ღურწკაია და კულტურის განყოფილების თანამშრომელი ქეთო ტაბაღუა დაკავებული თანამდებობებიდან, გასული წლის ნოემბერში ჩატარებული ატესტაციის შედეგად, გაათავისუფლეს. გამგეობის სამსახურიდან და აიპ-ებიდან, სხვადასხვა მიზეზით, ათობით ადამიანი დაითხოვეს.

Print