რეგიონი
ჰანს პრომველის „ფაბრიკაცია“ ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გიორგი შონიამ იგივე ჰანს პრომველმა, კრებული ,,ფაბრიკაცია’’ წარმოადგინა. როგორც პოეტმა აღნიშნა, მკითხველი საინტერესო ავტორს გაიცნობს ჰანსის სახით, რომლის ლექსებიც განსხვავდება გიორგი შონიას ლექსებისგან. მისივე თქმით, ამ ორი ავტორის ნაზავი საინტერესო იქნება ზუგდიდელი აუდიტორიისათვის.

,,ჩემი ფსევდონიმით ჰანს პრომველით დაწერილი ლექსები ძალიან პოპულარული გახდა ინტერნეტ სივრცეში და ამან მომცა ბიძგი, რომ მისი მისტიფიკაცია გამეგრძელებინა და წიგნის სახე მიმეცა," - აღნიშნა პოეტმა.

საღამოზე შონიასთან ერთად ორმა პოეტმა შოთა იათაშვილმა და გაგა ნახუცრიშვილმაც წაიკითხეს ლექსები.

,,ფაბრიკაცია'' გამომცემლობა ,,ინტელექტმა'' გამოსცა. წიგნი აერთიანებს გიორგი შონიას და მისი ალტერ ეგოს ჰანს პრომველის პოეზიას. საზოგადოებისთვის კი სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ეს ორი ადამიანი ერთი პიროვნებაა.
Print