რეგიონი
ნაბაკევის მოსახლეობამ დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტა
გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის 200-მდე მცხოვრებმა დღეს „არასანქცირებული“ მიტინგი გამართა, რომელზეც ნაბაკევის საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვა გააპროტესტა. ინფორმაციას ამის შესახებ „აფსნი ლაიფი“ ავრცელებს.

ორგანიზატორის ზაირა ქარდავას თქმით, აქციის მონაწილეებმა ნაბაკევის საკონტროლო - გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. მათ განაცხადეს, რომ „ნაბაკევის გამშვები პუნქტი უნდა დარჩეს“, რადგან აღნიშნული გადასასვლელი მათთვის „მოსახერხებელია“. გალის რაიონის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა თემურ შერგელიამ და სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნანი ქარდავამ შეკრებილებს განუმარტეს, რომ ნაბაკევის საკონტროლო პუნქტის დახურვის საკითხი „სახელმწიფოს მეთაურის“ გადაწყვეტილებაა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიხურება საკონტროლო - გამშვები პუნქტი. უფრო ადრე, გასული წლის დეკემბერში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნაბაკევისა და ოტობაიას გადასასვლელების გაუქმება იანვრის ბოლოსთვის იგეგმებოდა.


Print