რეგიონი
აფხაზეთში მავნებელი კუსებურა ნარგავების დიდ ნაწილს მოედო

დე ფაქტო აფხაზეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის დაურ თარბას განცხადებით, მავნებელი ფაროსანი ბაღლინჯოს - კუსებურას წინააღმდეგ ბრძოლა

„სახელმწიფოს დახმარებით“ უნდა მოხდეს, რადგან დამოუკიდებლად მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება ვერ მოხერხდება. ამის შესახებ მან რადიო „სპუტნიკ აფხაზიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"კუსებურას გასანადგურებლად, რომელიც მთელს ქვეყანას მოედო, უფრო მეტი ფინანსური სახსრებია საჭირო ქიმიკატების შესაძენად. მანდარინები მავნებლის გავრცელების გამო ცუდად იფცქვნება. გალის რაიონის ხელმძღვანელმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე მიმართა და 20 ჰექტარზე განთავსებული ნარგავების დამუშავებაში დახმარება ითხოვა“, - თქვა თარბამ. მისი თქმით, კუსებურა ამ ტერიტორიაზე ინტესნიურად არის მოდებული და მის წინააღდეგ ბრძოლა უკიდურესად რთული იქნება.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ფინანსური ხარჯების გარდა, სამუშაოები ტექნიკურ სირთულეებსაც გულისხმობს. ვინაიდან ნარგავების დამუშავება თვითმფრინავიდან უნდა განხორციელდეს, აუცილებელია მოსახლეობის წინასწარ დაუწყება, რათა მათ ჭების დაფარვა და ფუტკრის სკების შესაწამლი ტერიტორიიდან გატანა მოასწრონ.

დაურ თარბამ აღნიშნა, რომ მცენარეების დაცვის განყოფილება მოქალქეთა ნაწილს უჩივის, რომელმაც კუსებურას წინააღმდეგ ღონისძიებების ჩატარებისას ქიმიკატები გამოიყენა, რითაც სკებს ზიანი მიაყენა. მან არ გამორიცხა, რომ გალის მაგალითს, შესაძლოა სხვა რაიონებმაც მიბაძონ.

 

Print