რეგიონი
იან კელი სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე იმყოფებოდა (ვიდეო)
აშშ-ს ელჩი იან კელი ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტიის ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებს ესტუმრა. მან მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა.ელჩმა შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც ეს პუნქტები დაიხურება. კელიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და შესაბამისად, არანაირ ადმინისტრაციულ საზღვარსა თუ გამშვებ პუნქტებს. კელიმ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შემთხვევაში, მოწყვლადი ჯგუფების გადაადგილების პრობლემა შეიქმნება. საუბარია მოხუცებზე, ბავშვებსა და ავადმყოფებზე, რომლებიც სხვადასხვა საჭიროების გამო, 50 კილომეტრის გავლა მოუწევთ. ელჩის თქმით, ეუთოსა და ჟენევის დისკუსიებზე, ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

„მე შევხვდი ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლებს ზუგდიდში. ისინი ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ ამ რეგიონში, რაც არის კონტროლი არსებული სიტუაციიის. ჩვენ გაეროსა და ევროკავშირთან ერთად, ვეცდებით, მოვიძიოთ ის გზები, რითაც შეიძლება ეს გადაწყვეტილება გადაისინჯოს“, - განაცხადა კელიმ.

გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მცხოვრებლებმა გუშინ აქცია გამართეს, სადაც ნაბაკევის საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვა გააპროტესტეს. გასული წლის დეკემბერში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნაბაკევისა და ოტობაიას გადასასვლელების გაუქმება იანვრის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

Print