რეგიონი
,,ერთი თბილი ოთახი“ - ზუგდიდის გამგეობის ახალი პროგრამა
ზუგდიდის გამგეობა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის ახალ პროგრამას - ,,ერთი თბილი ოთახი“ იწყებს. ამის შესახებ გამგებელმა ლაშა გოგიამ, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან და სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრა. გამგეობის ადმინისტრაციის ცნობით, პროგრამა ერთი ოთახის კეთილმოწყობას გულისხმობს.

პარალელურად, გრძელდება სოციალური სახლების მშენებლობის პროექტიც და მიმდინარე წელს გამგეობა 30-მდე სოციალური სახლის მშენებლობას გეგმავს.

გარდა ამისა, ცვლილება შევიდა ჯანდაცვის პროგრამაში, რომლის მიხედვით თანახმადაც დაფინანსდებიან ქიმიოთერაპიის, რადიოთერაპიის, სხივურითერაპიისა და ჰორმონოთერაპიის საჭიროების მქონე მოქალაქეები. ასევე ნეიოსენსორული ტიპის სმენის დაქვეითება მე-3, მე-4 ხარისხის (H 90.5) მქონე 0-18 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები) სარეაბილიტაციო მკურნალობა და გამოკვლევები 500ლარის ოდენობით.

ამასთან, ახალი დებულებით შესაძლებელია მედიკამენტების დაფინანსება ხანდაზმული მოქალაქეებისთვის, (ქალები 60წ<, მამაკაცები 65წ<) უმწეო (სარეიტინგო ქულა-65 000-მდე) პენსიონერებისთვის (მაქსმიმალური ლიმიტი 200.00ლარი).

შეხვედრის დასასრულს, გამგებელმა ლაშა გოგიამ სამსახურის წარმომადგენლებს მოსახლეობასთან უფრო მჭიდრო კავშირისკენ მოუწოდა.

,, არის შემთხვევები, როცა სოფლებში მოსახლეობამ არ იცის იმ პროგრამების შესახებ, რასაც მუნიციპალიტეტის გამგეობა მათ საკეთილდღეოდ ახორციელებს, ამიტომაც მოსახლეობასთან უფრო მჭიდრო კავშირი და მათი ინფორმირებულობაა საჭირო, ეს კი თქვენი უპირველესი მოვალეობაა და მოგიწოდებთ ეს მოვალეობა პირნათლად განახორციელოთ“, - აღნიშნა ლაშა გოგიამ.

Print