რეგიონი
ზუგდიდში დევნილები შიმშილობენ (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებული 15-მდე დევნილი, მესამე დღეა, შიმშილობს. მათ საავადმყოფოს ეზოში კარავი აქვთ გაშლილი. იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც, სოციალურად დაუცველებიც არიან, მათთვის მინიჭებულ ქულებს აპროტესტებენ და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. კითხვაზე, თუ რატომ არ ეკუთვნით ბინები, მათი განცხადებით, შესაბამისი ორგანოები არ პასუხობენ. დევნილების განმარტებით, შენობაში, რომელშიც ცხოვრობენ, გაუსაძლისი პირობებია. იგი დანგრევის პირასაა და მცხოვრებთათვის საფრთხეს წარმოადგენს.

დევნილთა სამინისტრო ბევრჯერ დაგვპირდა, რომ როგორც კი იქნებოდა შესაბამისი ფართები, მაშინვე გაგვიყვანდნენ აქედან, რადგან შენობა არის ავარიული. ექსპერტიზასთანაც კი არ გვიშუამდგომლეს, რომ ექპერტიზა ჩატარებოდა ნაგებობას“, - აღნიშნა აქციის მონაწილემ თინათინ გრიგოლიამ.

მოშიმშილეები ამბობენ, რომ ამ დრომდე მათთან ხელისუფლების წარმომადგენლები არ მისულან. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, აქციის გაგრძელებას აპირებენ.

დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელმა მანუჩარ ჩილაჩავამ რადიო "ათინათს" განუცხადა, რომ იმ 50-მდე ოჯახს, რომელიც საავადმყოფოს ყოფილ შენობაშია ჩასახლებული, აპლიკაციები შევსებული აქვს და მათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართები კონკურსის შესაბამისად გადაეცემათ.  რაც შეეხება ქულების მინიჭების საკითხს, მისივე ცნობით, დევნილებს ქულების გასაჩივრება შეეძლოთ.
Print