რეგიონი
“ევროპული საქართველოს" ლიდერებმა ზუგდიდში შეხვედრა გამართეს (ვიდეო)
პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ლიდერები ზუგდიდში ადგილობრივ მხარდამჭერებსა და საინიციატივო ჯგუფს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვდნენ. შეკრებილებს სიტყვით, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, სამეგრელოს ყოფილმა გუბერნატორმა გიგი უგულავამ, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ და პარტიის სხვა წევრებმა მიმართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" სიით არჩეული დეპუტატები ზუგდიდიდან: თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია და ლელა ქებურია.

მათ ახლადჩამოყალიბებული პარტიის გეგმებზე და იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რამაც "ნაციონალური მოძრაობიდან" მათი გამიჯვნა გამოიწვია. დავით ბაქრაძის თქმით, ამ ეტაპზე მათი მიზანი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და ამ გზით ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლაა.

"პრობლემების უმეტესობა, რომელიც აწუხებს ხალხს, იწყება რეგიონებიდან და ადგილზე ხელისუფლების შეცვლა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც დღეს არის მტკივნეული ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ გზით ჩვენ შევძლებთ ცენტრალური ხელისუფლების შეცვლასაც", - თქვა ბაქრაძემ.

მისივე ცნობით, ამომრჩევლებს პარტიის კონკრეტულ პროგრამას ყრილობაზე გააცნობენ, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.

Print