რეგიონი
წებელდის სამხედრო პოლიგონზე არქეოლოგიური გათხრები დაიწყება
წებელდის სამხედრო პოლიგონზე, მე-19 საუკუნის ტაძრის და პოლონური სასაფლაოს ნგრევის ადგილზე, არქეოლოგიური გათხრების ჩატარება იგეგმება. ამის შესახებ აფხაზურ მედიას დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილემ ბატალ კობახიამ განუცხადა. მისი თქმით, 2 თებერვალს, „აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს" წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სამხედრო პოლიგონების რაიონში განლაგებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე ისაუბრეს.

"საუბარი, პირველ რიგში, წებელდასთან დაკავშირებულ ინცინდენტს შეეხო, იცით, რომ მანამდე ივარაუდებოდა ძველი ეკლესიის და პოლონური სასაფლაოს დანგრევა... ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ საჭიროა ამ ადგილზე მოკვლევის ჩატარება, რათა არქეოლოგებმა შეძლონ დაზიანების დონის განსაზღვრა“, — დასძინა მან.

კობახიას განცხადებით, ასევე, აუცილებელია პოლიგონისთვის გამოყოფილი ობიექტების ინვენტარიზაციის ჩატარება. მან აღნიშნა, რომ შედგა გაფართოებული სხდომა რუსეთის თავდაცვის სამინსტროს და საელჩოს წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელზეც შეთანხმებას მიაღწიეს. 

2011 წელს დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ წებელდის მიმდებარე ტერიტორია, რუსეთის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთობლივი სწავლებების ჩასატარებლად, “თავდაცვის სამინისტროს” გადაეცა, რომლის განკარგულებით, 3 იანვარს, რუსმა სამხედროებმა მომავალი პოლიგონის ტერიტორიაზე ეკლესია და სასაფლაო ბულდოზერით მიწასთან გაასწორეს. ამ დროისთვის, იქ ეკლესიის ფუნდამენტი და ნანგრევების ფრაგმენტები იყო შემორჩენილი.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღშფოთება გამოთქვა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში მე-19 საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს დანგრევის გამო და აღნიშნულ ფაქტს შეგნებულად განხორციელებულ ვადალიზმის აქტი უწოდა. მან საერთაშორისო თანამეგობრობას, იუნესკოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მიმართა თხოვნით, სათანადოდ შეაფასონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ქმედებები და მოახდინონ მათზე შესაბამისი რეაგირება.

Print