რეგიონი
სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგების გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი წლის საუკეთესო მასწავლებელს გამოავლენს, რომელსაც საქართველოს 11 რეგიონში, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთში, დამოუკიდებელი ჟიური შეარჩევს.

კონკურსის წესის თანახმად, მხოლოდ 2016 კალენდარული წლის მანძილზე გაწეული საქმიანობა შეფასდება.

„ნებისმიერი პედაგოგისთვის აღიარება ყველაზე ძვირფასი ჯილდოა. სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონს ჰყავს არაერთი ღირსეული პედაგოგი. ყველას მოვუწოდებ აქტიურობისაკენ“, - აღნიშნა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საბჭოს თავმჯდომარე მაგდალინა თოდუამ.

გამარჯვებულები მიმდინარე წლის 13 მაისს, ფორუმის წლიურ ეროვნულ კონფერენციაზე გამოვლიდებიან.

ღონისძიება, პროგრამა „მომავლის თაობის” ფარგლებში იმართება, რომელსაც ორგანიზაცია PH International აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს. სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში მისი პარტნიორია ასოციაცია „ათინათი“.
Print