რეგიონი
სოხუმში გაეროს წარმომადგენელს სთხოვეს გაგებით მოეკიდოს საგუშაგოების გაუქმებას
დღეს გაეროს მუდმივი კოორდინატორი ნილს სკოტი დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ - მინისტრს შეხვდა და აფხაზეთში 2017 წელს განსახორციელებელ გეგმებზე ესაუბრა. ბესლან ბარციცმა მას თხოვნით მიმართა, გაგებით მოეკიდოს აფხაზეთის საკონტროლო - გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას.  „ამასთან დაკავშირებით, თქვენ მიერ გამოთქმული შეშფოთების გამო, მინდა დაგარწმუნოთ, რომ აფხაზეთის ამ რაიონის მცხოვრებლებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ და აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოები უძღოდა", - მიმართა ბარციცმა ნილს სკოტს. 

მისი თქმით, ქართულ - აფხაზური ადმინისტრაციული საზღვარზე განთავსებული პუქტების დახურვამდე, შეკეთდა საავტომობილო გზის 30 კმ-იანი მონაკვეთი, რისთვისაც 150 მილიონი რუბლი დაიხარჯა. დაინიშნა ავტობუსი, რომელიც გალის რიონის მოსახლეობას მოემსახურება და მთავარ საგუშაგომდე მიიყვანს.

კოორდინატორმა განმარტა, რომ გაეროში კარგად აცნობიერებენ ამ საკითხის და აფხაზეთის უსაფრთხოების მნიშვნელობას. სკოტმა აღნიშნა, რომ გაერო დაინტერესებულია კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებაში. მისი თქმით, ორგანიზაციის წარმომადგენლების კომენტარი არ იყო კრიტიკული ხასიათის, არამედ, მიუთითებდა იმ სავარაუდო ნეგატიურ შედეგებზე, რაც საგუშაგოების გაუქმებამ შეიძლება საზღვართან მცხოვრებ ადამიანებს მოუტანოს.

მანამდე, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ნილს სკოტმა განაცხადა, რომ მდინარე ენგურზე გამშვები პუნქტების შემცირება ცუდად აისახება საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობაზე. სკოტის თქმით, სოხუმის გადაწყვეტილება ჰუმანიტარულ კრიზისს გამოიწვევს. გაერომ მოუწოდა შესაბამის მხარეებს, უზრუნველყონ ადამიანების უფლებების დაცვა და ამ გადაწყვეტილებით მიღებული პოტენციური შედეგები განიხილონ.

შეგახსენებთ, რომ დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ სამეგრლო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული ოთხი გამშვები პუნქტიდან 2 დატოვა. მომავალში მხოლოდ ერთი საკონტროლო პუნქტის დატოვება იგეგმება.


Print