რეგიონი
37 ათასი დევნილი ამ დრომდე საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ელოდება - IDFI ანგარიში
დღეის მდგომარეობით, სახელმწიფოსგან მუდმივი საცხოვრებლის მოლოდინში 37 ათასი დევნილი ოჯახია. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ანგარიშშია საუბარი.

IDFI-ში განმარტავენ, რომ ლტოლვილთა სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის მიხედვით, ამ ადამიანების ბინით უზრუნველყოფისთვის, უწყების გათვლებით, 1,5 მილიარდი ნახევარი ლარია საჭირო.

ამავე ინფორმაციით, 2013 წლამდე რეაბილიტირებულ და ახალაშენებულ შენობებში დევნილთა განსახლების პროგრამას სრულად ახორციელებდა სსიპ "მუნიციპალური განვითარების ფონდი", ხოლო 2013 წლიდან პროგრამა ფინანსდება, როგორც ფონდის, ისე სამინისტროს სახსრებით. 2008 – 2016 წლებში დევნილთა ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად მშენებლობა-რეაბილიტაციაზე სულ დახარჯულია 365,925,594 ლარი, საიდანაც 244,611,984 ლარის ხარჯი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გაწია, ხოლო 121,313,609.6 ლარი - სამინისტრომ.

IDFI მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებების მიერ სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯების ეკონომიის პირობებში, შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების მოძიება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას.

Print