რეგიონი
გიორგი ლუკავას მეუღლე "ენმ"-ის წევრებმა მოინახულეს

დრანდის ციხეში დაპატიმრებული გიორგი ლუკავას მეუღლე, რომელიც მეოთხე დღეა, მთავრობის კანცელარიის ფოიეში შიმშილობს, „ერთიანი ნაციონალური

მოძრაობის“ წევრებმა მოინახულეს. ლალი ბასარია ხელისუფლებისგან კონკრეტულ პასუხებსა და მეუღლის გათავისუფლებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

ორშაბათს მე სხვა ფორმას უნდა მივმართო შიმშილობის, რომ მე ამ ხელისუფლებას ვაგრძნობინო, რომ ჩვენც ადამიანები ვართ და ჩვენ გვაქვს მოთხოვნის უფლება, რეალობაში ჩვენ არ ვითხოვთ ფულს ან საჭმელს, ჩვენ ვითხოვთ ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებას და მის დაბრუნებას ოჯახში,“ - თქვა ბასარიამ.

„ენმ“-ის წევრი ნიკა რურუა კი მთავრობას საკუთარი მოქალაქისადმი უყურადღებობაში ადანაშაულებს და მას ჯარისკაცის ბედით დაინტერესებას ურჩევს.

„ასეთი უგულებელყოფა საკუთარი მოქალაქის და მეომრის, განსაკუთრებით, ყოველთვის ცუდად მთავრდება. ეს აისახება ჯარზე, მის მორალზე, საერთოდ, მოქალაქეების სახელმწიფოსადმი ნდობაზე,“ - აცხადებს რურუა.

ცნოობისთვის, აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე 5 წლის წინ დააკავეს და ის სასჯელს დრანდის ციხეში იხდიდა. მისი ოჯახი ვითარებაში გარკვევას და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ქართულ მხარეს არაერთხელ დაუყენებია უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავას საკითხი.



 

Print