რეგიონი
გიორგი ლუკავას მეუღლე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს
დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას ცოლი ლალი ბასარია, რომელიც მთავრობის კანცელარიის ფოიეში მეექვსე დღეა შიმშილობს, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

„ამ ხნის განმავლობაში ველოდებოდი გამოხმაურებას, მაგრამ შედეგი ვერ მივიღე. ამიტომ პირდაპირ პრემიერთან ვითხოვ შეხვედრას. არ მჭირდება შუამავალები, რადგან მესამე პირისგან მოწოდებული ინფორმაცია ყოველთვის გამოდგა ტყუილი“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ბასარიამ.

რამდენიმე დღის წინ ლუკავას ცოლს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილი შეხვდა. ბასარია ამბობს, რომ მასთან საუბარი უშედეგო გამოდგა.

,,მინისტრმა მითხრა, რომ ის არის დრანდის ციხეში და ჯანმრთელია, როდესაც მე ვუთხარი დავურეკავ რამდენიმე პატიმარს და დამიდასტურებენ, რომ არ არის დრანდის ციხეში, მაშინ მან მითხრა, რომ რა მნიშვნელობა აქვს სად არის მთავარია, რომ ცოცხალიაო. ჩემთვის აქვს მნიშვნელბა სად არის ჩემი მეუღლე ამ წუთას’’,- აღნიშნა ლუკავას მეუღლემ.

ცნობისთვის, აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე 5 წლის წინ დააკავეს და ის სასჯელს დრანდის ციხეში იხდის. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ამ დროისთვის მათთვის უცნობია, თუ სად იმყოფება პატიმარი. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

გიორგი ლუკავას მეუღლე "ენმ"-ის წევრებმა მოინახულეს

Print