რეგიონი
მოშიმშილე დევნილები მერაბ ქვარაიას პირობის შესრულებას ელოდებიან (ვიდეო)
იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც ზუგდიდში ორ კვირაზე მეტ ხანს შიმშილობდნენ, კომისიის მისვლას ელოდებიან. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კომისია დღესვე არ დაიწყებს მათი საცხოვრებელი პირობების ხელახალ გადამოწმებას, ისინი პროტესტის უკიდურეს ზომებს ისევ მიმართავენ.

"არანაირ პასუხს არ გვაძლევს დევნილთა სამინისტრო, არც ადგილობრივი სამმართველო...ველოდებით მერაბ ქვარაიას პირობას, რომ დღეს უნდა ჩამოსულიყო კომისია, თუმცა ჯერ არავინ მოსულა. დღესაც თუ არაფერი იქნა, ასე არ გავჩერდებით... ნუ დაძაბავენ სიტუაციას ისე, რომ ჩიხში შევიდეს ყველაფერი", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ტარიელ ქობალიამ.

ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ეზოში მოშიმშილე დევნილებთან ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია 7 თებერვალს მივიდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ის აქციის მონაწილეებს დახმარებას დაპირდა. 

9 თებერვალს აქციის მონაწილეებმა შიმშილობა დეკანოზ მალხაზ ჭანტურიას თხოვნით დროებით შეწყვიტეს.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული რამდენიმე ადამიანი, ჩასახლების ეზოს სახელდახელოდ აგებულ კარავში, ორ კვირაზე მეტია შიმშილობდა. ისინი მათთვის მინიჭებული ქულების გადამოწმებას და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. თავის მხრივ, დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მინიჭებული ქულების გადამოწმება არ იგეგმება.

დევნილების ინფორმაციით, საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 58 ოჯახი, ათეულობით წელია, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

Print