რეგიონი
12 ზუგდიდელი თეატრალურ უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლის (ვიდეო)
ზუგდიდის მერიისა და თეატრის წარმომადგენლებმა პროექტის „მე ვირჩევ თეატრს“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. პროექტის მიხედვით, 12 ზუგდიდელი სტუდენტის თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლას მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად დააფინანსებს. სწავლის დამთავრების შემდეგ კი ისინი ზუგდიდის თეატრში დასაქმდებიან.

12 აბიტურიენტისგან შემდგარი მიზნობრივი ჯგუფი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებილი აბიტურიენტებისგან შეირჩევა.

მემორანდუმი მერიასა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2016 წლის 17 ოქტომბერს გაფორმდა. პროექტის მიზანი ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის დასის ახალგაზრდა მსახიობებით შევსებაა.

ღია კარის დღეს ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი წერედიანი, ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი, გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე, დაინტერესებული აბიტურიენტები და საზოგადოების წარმომადგენლლები ესწრებოდნენ.

Print