რეგიონი
სოფელ ყულიშკარში ქვარაიების საცხოვრებელი სახლი დაიწვა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში ხანძრის შედეგად ველოდი ქვარაიას საცხოვრებელ სახლი მთლიანად დაიწვა. განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და სურსათ-სანოვაგე. ოჯახის წევრების თქმით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა. მათივე თქმით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მივიდა, თუმცა სახლი უკვე დამწვარი იყო.

"ცეცხლი დილის 12 საათზე გაჩნდა, დროულად ვერ ვნახეთ. ხანძარი, რომ შევამჩნიე უკვე სახურავამდე იყო ასული. არაფერი დამრჩა, ყველაფერი დაიწვა, ბავშვებს ტანსაცმელიც არა აქვს. სამი არასრულწოლოვანი შვილი მყავს, სოციალურ დახმარებას დიდი ხანია ვითხოვ, მაგრამ არ მაძლევდნენ. ახლა მაინც აღმიდგინონ, ღია ცისქვეშ ვართ დარჩენილები", - თქვა ფატიმა ქვარაიამ.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მაიზერ ნანავას თქმით, დაზარალებულ ოჯახს 1000 ლარით და 15 კუბური მეტრი სამასალე მერქნით დაეხმარებიან.

"გამგეობა დაზარალებულებს ასევე შუამდგომლობას გაუწევს სოციალურ სააგენტოში, რათა ამ ოჯახმა ყოველთვიური სოციალური შემწეობა მიიღოს", - ამბობს მაიზერ ნანავა.

ქვარაიებთან უკვე იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა და გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი.

Print