რეგიონი
სასამართლო ზუგდიდის გამგეობის საატესტაციო კომისიის წევრებს დაკითხავს (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამგეობიდან გათავისუფლებულების საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარის შუამდგომლობები განიხილა. ყოფილი საჯარო მოხელეების უფლებადამცველი ორგანიზაციის საია-ს იურისტებმა სხდომაზე მოწმის სახით იმ დროისთვის გამგებლის მოვალეობის შემსულებლის გურგენ სართანიას დაკითხვისა და საქმეზე სხვადასხვა დოკუმენტაციის დართვის შუამდგომლობები დააყენეს, რაც მოსამართლე ლაურა მიქავამ დააკმაყოფილა.

ამასთან, სასამართლო საია-ს შუამდგომლობის საფუძველზე 2016 წლის 19 ნოემბრის გამგეობის შენობასა და გარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოკადრების ჩანაწერს გამოითხოვს.

სოფლის ყოფილი რწმუნებულები კომისიის ერთ-ერთი წევრის, ლავრენტი ალანიას გასაუბრებაზე ყოფნას უარყოფენ და ამბობენ, რომ ამის დამტკიცება სწორედ ვიდეოჩანაწერების ამოღებით იქნება შესაძლებელი.


ლეგიტიმურ ეჭვს ბადებს ის, რომ არჩევნების დასრულებისთანავე ჩაინიშნა ატესტაცია. სადავო არის ის, ხომ არ მოხდა პოლიტიკური ნიშნით პირების დისკრიმინაცია და ამ ატესტაციის საფუძველი იყო თუ არა დისკრიმინაცია. ამასთან დაკავშირებით სართანიას დაკითხვა არსებითად მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ.

მომდევნო სხდომაზე საატესტაციო კომისიის წევრები, მათ შორის, გამგებელი ლაშა გოგია, მისი მოადგილე მამუკა წოწერია და საკრებულოს თავმჯდომარე 
მაიზენ ნანავა დაიკითხებიან.

ცნობისთვის, ყოფილი საჯარო მოხელეების უფლებებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგებლის 8 წარმომადგენელი დაკავებული თანამდებობიდან კონკურსის შედეგების საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. სოფლის ყოფილი გამგებლები აცხადებენ, რომ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის სასამართლოში სოფლის ყოფილი რწმუნებულების საქმის მოსმენა დაიწყო (ვიდეო)


Print