რეგიონი
ყოფილი საჯარო მოხელეები: იმედია, სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს (ვიდეო)
ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებულების მაია ღურწკაიასა და ქეთო ტაბაღუას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 7 მარტს გამოაცხადებს. ყოფილი საჯარო მოხელეები ამბობენ, რომ ისინი სამსახურებიდან პოლიტიკური მოტივით გაუშვეს და იმედს გამოთქვამენ, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ატესტაცია იყო მოგონილი იმისთვის, რომ ჩვენი გათავისუფლების მიზეზი ჰქონოდათ. დანამდვილებით ვიცი, რომ გუბერნიის ადმინისტრაციაში იმ ადამიანების სია შეადგინეს, ვინც უნდა გაეშვათ სამსახურებიდან“,- აღნიშნა მაია ღურწკაიამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“
იურისტის ლელა მოწონელიძის თქმით, კომისიის წევრების დაკითხვა უშედეგო იყო.

„მოსამართლემ მათი მოწვევა გადაწყვიტა იმიტომ, რომ ვერ ვამოწმებით, თუ როგორ ჩაიარა გასაუბრებამ, რადგან არ არსებობდა არც სხდომის ოქმი, არც ხელნაწერი, აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი, თუმცა დღეს მათმა დაკითხვამ შედეგი ვერ გამოიღო, რადგან არცერთს არ ახსოვდა მათ მიერ დასმული შეკითხვა“,- აღნიშნა მოწონელიძემ.

ცნობისთვის, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი მაია ღურწკაია და კულტურის განყოფილების თანამშრომელი ქეთო ტაბაღუა დაკავებული თანამდებობებიდან, გასული წლის ნოემბერში, ჩატარებული ატესტაციის შედეგად გაათავისუფლეს. ყოფილი საჯარო მოხელეები მიიჩნევენ, რომ ისინი სამსახურიდან უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. სასამართლოში მათ უფლებებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იცავს.



Print