ზუგდიდის
ბაზრის შიდამოვაჭრეები სამხარეო
ადმინისტრაციის შენობაში არიან შეკრებილები და მერთან ირაკლი
გოგოხიასთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი
გარევაჭრობას
აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მათ
მომხმარებელი არ ჰყავთ, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი პროდუქტს
ბაზრის გარე ტერიტორიაზე ყიდულობს.
„მომხმარებელი არ გვყავს, ყველას სესხი გვაქვს აღებული, როგორ
ვარჩინოთ ოჯახები...ჩვენ გადასახადი გვეზრდება, გარე მოვაჭრეებს კი
არაფერი არ აქვთ გადასახადი“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.
ამ დროისათვის რამდენიმე მოვაჭრე, სავარაუდოდ, მერიის
წარმომადგენელთან შეხვედრაზე იმყოფება.
ქალაქ ზუგდიდის ადგილობრივი თვითმართველობა გარევაჭრობის რეგულაციის
წესთან დაკავშირებით მუშაობს,წარმოდგენილი პროექტის მიხედვით,
გარევაჭრობისთვის განკუთვნილი ადგილები არ უნდა აფერხებდეს, როგორც
ქვეითთა, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებას.
ამასთან, დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და
უსაფრთხოების წესები. უნდა აიკრძალოს მალფუჭებადი პროდუქტით ვაჭრობა.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, გარევაჭრობა ნებადართული იქნება ისეთი
საქონლით როგორებიცაა: ჟურნალ-გაზეთები, წიგნები, ყვავილები და
ხილ-ბოსტნეული.
ცნობისთვის, ზუგდიდში გარევაჭრობის პრობლემა წლებია მოუგვარებელია.
მოვაჭრეების ნაწილი გარევაჭრობის ნებართვას ითხოვს, რასაც ბაზრის
შიგნით მომუშავე ადამიანები ეწინააღმდეგებიან. აღნიშნულ საკითხზე
ათეულობით საპროტესტო აქცია გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები