რეგიონი
"მდგომარეობა საგანგაშოა" - პარლამენტში თხილის ახალ მავნებელზე იმსჯელეს
დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ახალი მავნებლის (აზიური ფაროსანი) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს აგრარულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე. სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, სამხარეო ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად, ესწრებოდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა შეკრებილებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მავნებლის თაობაზე, რომელმაც შარშან დიდი ზარალი მიაყენა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას.

აზიური ფაროსანა პირველად საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა, დღეს იგი სააგენტოს მხრიდან განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი. უშუალოდ ამ მავნებელთან ბრძოლის გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა და შესაბამისად, სახელმწიფო სამსახურები საერთაშორისო გამოცდილებით იხელმძღვანელებენ.

ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, პრობლემა რომ მასშტაბურია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ აზიური ფაროსანა 300-ზე მეტი სახეობის მცენარეს აზიანებს. იგი უპირატესად ვაშლის, ატმის, ყურძნის, კენკროვანების მტერია, განსაკუთრებული ზიანი შარშან დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალს მიაყენა. ამ მავნებელს ახასიათებს არაპროგნოზირებადი გადაადგილების უნარი, იკვებება მცენარეებით გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, გამოსაზამთრებლად კი სახლებსა და სხვა შენობა-ნაგებობებში შედის.

"მდგომარეობა საგანგაშოა, რამდენიმე წლიანი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს და მაქსიმალურად უნდა ვაკონტროლოთ პოპულაცია მის საბოლოო განადგურებამდე", - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

მან კანონმდებლებს და მოწვეულ სტუმრებს მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო, რომელიც მოსახლეობის ცნობიერების ამღლებასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების პესტიციდებით დამუშავებასაც ითვალისწინებს. ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, საქართველოს დახმარებას აშშ-ის განვითარების ფონდი უწევს. პრობლემის აღმოსაფხვრელად 12 მილიონი ლარია გამოყოფილი და ის ძირითადად, საკარმიდამო ნაკვეთებზეა გათვლილი.

კომიტეტის წევრების და მოწვეული სტუმრების განცხადებით, წარმოდგენილი სურათი საკმაოდ საგანგაშოა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებბები მხოლოდ საკარმიდამო ნაკვეთებზე არ უნდა განხორციელდეს და მან სახელმწიფო პროგრამის სახე უნდა მიიღოს. ამასთან, კომიტეტის წევრების აზრით, სახელმწიფო საზღვარზე ფიტოსანიტარიული კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

"ვითარება ძალიან რთულია, ჩვენ საქმე გვაქვს მავნებელთან, რომელიც ანადგურებს ჩვენი რეგიონის მოსახლეობის უმთავრეს შემოსავალს თხილს, ამიტომ დროული და მასშტაბური ღონისძიებები საჭირო. ამ საკითხზე აუცილებლად უნდა მოხდეს სახელმწიფო პროგრამის შემუშავება", - განაცხადა შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან სონიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის წინადადებით, კონსულტაციებს სამუშაო ჯგუფში გააგრძელებენ და ამ ფორმატში უახლოეს დღეებში კვლავ შეიკრიბებიან.

Print