რეგიონი
ზუგდიდში „ენმ“-ის პოლიტსაბჭოს რეგიონული წევრები აირჩიეს (ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისში დელეგატებმა პოლიტსაბჭოს 8 წევრი აირჩიეს. ზუგდიდიდან პოლიტსაბჭოში ლევან კონჯარია და ალექსანდრე ქობალია იქნებიან, მარტვილს ზაალ გოროზია წარმოადგენს, ხობს - ია ჯიშკარიანი, ჩხოროწყუს - რამაზ გულუა, წალენჯიხას - ავთანდილ გაბელია, ფოთს - დარეჯან ცქვიტარია, სენაკს კი - ლაშა კუჭავა.

დელეგატების თქმით, დაპირისპირება, რომელიც „ენმ“-ის დელეგატებს შორის სხდომის დაწყებისას მოხდა, დემოკრატიის ნიშანია, რადგან ჯანსაღი კამათის შემდეგ, პარტისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს.

„ერთი მხრივ, ეს ცოცხალი პროცესია, როდესაც პოლიტიკური დუღილია პარტიაში, მეორე მხრივ კი, როცა ემოციები სჭარბობს და დაპირისპირებამდე მიდის საქმე, ეს არ გვსიამოვნებს. დღეს კი ყველაფერი მშვიდობიანად და დემოკრატიული არჩევნებით დასრულდა“, - აღნიშა „ენმ“-ის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა.

ანა წითლიძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სამეგრელოში პოლიტსაბჭოს წევრთა არჩევამ ვნებათაღელვა გამოიწვია, პარტიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რეგიონის კვოტა 2-ით გაეზარდათ.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სკაიპ-კონფერენციით პარტიის წარმომადგენლებს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო და არჩეულ კანდიდატებს პოლიტსაბჭოს წევრობა მიულოცა.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისში პოლიტსაბჭოს წევრების არჩევამდე ხმაური და დაპირისპირება იყო. მოგვიანებით, აქ თბილისიდან პარტიის ლიდერები: ლევან ბეჟაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, სამირა ისმაილოვა და ხატია დეკანოიძე ჩამოვიდნენ.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში ენმ-ის ოფისში ხმაურია (ვიდეო)

ზუგდიდში „ენმ“-ის ლიდერები ჩამოვიდნენ




Print