რეგიონი
ანაკლიის პორტის დიზაინის საკითხზე ექსპერტებთან შეხვედრები მიმდინარეობს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დიზაინისა და პროექტირების საკითხზე სამუშაოდ საქართველოში საერთაშორისო კომპანიის, „მოფატ ენდ ნიკოლის“

(Moffatt & Nichol) წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ პრესსამსახურის ცნობით, ექსპერტები ამ ეტაპზე შეხვედრას კონსორციუმის, საქართველოს რკინიგზის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან მართავენ.

სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავს ანაკლიის პორტის სახმელეთო ნაწილის დიზაინის დამუშავებას, რომლის მიხედვით პორტთან მიმავალი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა შეიქმნება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინასწარი დიზაინი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საქართველოს მთავრობას 2017 წლის ივნისში უნდა წარუდგინოს. პორტის დიზაინის პროექტირებაზე კიდევ ორი საერთაშორისო კომპანია - „ვან ოორდი“ (Van Oord) და „როიალ ჰასკონინგი“ (Royal HaskoningDHV) მუშაობს, რომლებიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ერთად პორტის საზღვაო ნაწილის დიზაინს ადგენენ.

„მოფატ ენდ ნიკოლი“ საერთაშორისო ინფრასტრუქტურული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საზღვაო ტერმინალების, ტრანსპორტის, გარემოსა და საქალაქო დაგეგმარების პროექტებშია ჩართული.

 


 

Print