რეგიონი
სოხუმი ნატოს მოწოდებას არ გაიზიარებს - გამშვები პუნქტები დაიხურება
სოხუმი ოტობაიასა და ნაბაკევში საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას არ გადახედავს, რადგან ის „სავსებით შეესაბამება რესპუბლიკის კანონმდებლობას“. ამ განცხადებით დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნატოს სპეცწარმომადგენლის ოანა ლუნგესკუს გამოეხმაურა.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 10 ივლისს დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ოტობაიას და ნაბაკევის საგუშაგოები დროებით, ენგურის ხიდზე არსებული საგუშაგოს ინფრასტრუქტურის მოწყობამდე, გაიხსნა.

"ნატოს წარმომადგენლის მიერ გაჟღერებული მოწოდება უფრო მოთხოვნას ჰგავს. როგორც ჩანს, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გადაწყვიტა, რომ აფხაზეთზე აშკარა ზეწოლა განახორციელოს... იმ პირობებში, როდესაც ჟენევის დისკუსიების ფორმატში, საქართველოს არ სურს ხელი მოაწეროს აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას, ნატოს მსგავსი აქტიურობა, აღიქმება, როგორც საფრთხე აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფთხოებისთვის“, - ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, ნატო დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების მიერ სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი საკონტროლო - გამშვები პუნქტის დახურვის ფაქტს გამოეხმაურა. განცხადება ნატოს სპეცწარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ეს მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვაა. 

დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა სამეგრელო - აფხაზეთის საზღვარზე ნაბაკევის და ოტობაიას საკონტროლო - გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბრის ბოლოს მიიღო.




Print