რეგიონი
ციხელაშვილი ზუგდიდში ქართულ-აფხაზური ოჯახების წარმომადგენლებს შეხვდა (ვიდეო)
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ასოციაცია „იმედის“ ოფისში ქართული-აფხაზური შერეული ოჯახის იმ წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც „დევნილ ქალთა საზოგადოების“ წევრები არიან.

შეხვედრაზე  მინისტრმა იმ ახალ მიდგომებზეც ისაუბრა, რომელიც აქვს სამინისტროს „მშვიდობის მშენებლობის“ კუთხით. ამასთან, ყურადღება გაამახვილეს ისეთ მწვავე საკითხებზე, როგორიცაა ე.წ. გამშვები პუნქტების შესაძლო დახურვა. მინისტრის განცახდებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს საკითხი მოგვარდეს. 

„ეს ქალბატონები სახალხო დიპლომატიას აწარმოებენ და ხელს უწყობენ შერიგების პროცესს, რაც აუცილებელია და უალტერნატივოა, რათა ჩვენი შვილების მომავალი იყოს უკეთესი“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

ასოციაცია „იმედის“ ხელმძღვანელის ქრისტინე კილანავას თქმით, ქართულ-აფხაზური ოჯახები ნდობის აღდგენისა და აფხაზურ საზოგადოებასთან კონტაქტების დამყარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

შეხედრის მონაწილეების თქმით, მსგავს შეხვედრები აუციელებელია, რათა პრობლემური საკითხები ინდეტიფიცირდეს.

ქეთევან ციხელაშვილი ზუგდიდში შეხვედრებს დილიდან მართავს. ის ხურჩის საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახშიც მივიდა.


Print