რეგიონი
ციხელაშვილი: აფხაზეთის ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვა აბსოლუტურად მიუღებელია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელების დაკეტვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ფაქტი უხეშად არღვევს, კიდევ უფრო ზღუდავს და ამძიმებს გადაადგილების თავისუფლების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ ისედაც რთულ ვითარებას.

”ეს პრობლემებსა და სირთულეებს უქმნის არა მხოლოდ გალის რაიონის, არამედ მთელი რეგიონის მოსახლეობას. ამ გადასასვლელებზე დღეში საშუალოდ 1000-მდე კვეთა ფიქსირდება ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების მიზნით. მათ შორის, იზღუდება იმ ბავშვთა უფლებები, რომელთაც სკოლებში მისასვლელად გამყოფი ხაზის გადაკვეთა უწევს და აღნიშნული შეზღუდვა ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის მათ სასწავლო პროცესში ჩართვას.

ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია დე- ფაქტო რეჟიმის არგუმენტი, რომ თითქოს, აღნიშნული გადაწყვეტილება „უსაფრთხოების ზომების გაძლიერების“ მიზნით მიიღეს. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ ნათლად დააფიქსირა და განაცხადა სამშვიდობო პოლიტიკისა და მშვიდობიანი მიდგომების ერთგულება. საერთაშორისო თანამეგობრობამ უკვე მისცა მკვეთრი შეფასებები ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლების - გადაადგილების თავისუფლების უხეში დარღვევისკენ მიმართულ ამ ნაბიჯს“, - განაცხადა მინისტრმა.

ციხელაშვილმა მოუწოდა გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულ მხარეებს, რომ გადაადგილების შესაძლებლობის გამარტივებისთვის გადადგან ნაბიჯები.

ცნობისთვის, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვები პუნქტები აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით ჩაკეტეს. 

ამავე თემაზე:

ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გადასასვლელები ჩაკეტეს

საქართველოს საგარეო უწყება აფხაზეთში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტს გმობს
Print