რეგიონი
ბაღებისთვის დაფინანსების შემცირებას ქალაქის საკრებულოში ხმაური მოჰყვა (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მერიის ააიპ "სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის" ბიუჯეტი 170 000 ლარით შემცირდება. აღნიშნული საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა საკრებულოს სხდომაზე. ენმ -ის წევრმა ანა წითლიძემ შესაბამისი სამსახურებისგან იმ კონკრეტული მუხლების დასახელება ითხოვა, რომლებსაც ეს ხარჯები მოაკლდება.

„ისეთი სტრატეგიული დაწესებულებებისთვის, როგორიც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებაა, 170 000 ლარით დაფინანსების შემცირება არ შეიძლება. თუკი ხარჯების ოპტიმიზაციაზეა საუბარი, მერიაში „გაბერილი“ საშტატო ერთეულები შეამცირონ“, - აღნიშნა წითლიძემ.

საკრებულოში აცხადებენ, რომ ბიუჯეტი კანონის შესაბამისად შეამცირეს, თუმცა, მათივე მტკიცებით, ეს თანხა ისევ ბაღების ინფრასტრუქტურას მოხმარდება.

„ჩვენ წელს 400 000 ლარით გავზარდეთ ბაღების დაფინანსება. საკრებულოს წევრები შევთანმხდით, რომ ეს 170 000 ლარი სკოლამდელი აღზრის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოხმარდება. კერძოდ, ეს თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების თანადაფინანსებაზე გადანაწილდება“, - განმარტა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ.

დაფინანსების შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას ოპოზიციური ფრაქციების წევრებმა მხარი არ დაუჭირეს.

Print