რეგიონი
აფხაზი ჟურნალისტები ანქვაბზე უტყუარი ინფორმაციის მიღებას ითხოვენ
დე ფაქტო აფხაზეთის ჟურნალისტთა ასოციაცია გენერალური პროკურატურისგან, ამ ბოლო დროს, საჯარო სივრცეში გავრცელებული დოკუმენტის შესახებ განმარტებას ითხოვს.

საქმე ეხება, 1992 წლის 16 აგვისტოს, ედუარდ შევარდნაძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ასლს, რომელშიც ნათქვამია, რომ შესაბამისი დადგენილების თანახმად, ალექსანდრე ანქვაბი „შეყვანილია საქართველოს სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობაში და მას აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხელისუფლების დროებითი ორგანოების ხელმძღვანელობა ევალება“.

„გამომდინარე იქედან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უტყუარი ინფორმაციის ფლობა იმ პირების შესახებ, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აპირებენ მონაწილოებას, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ზუსტი ცნობები, რომლებიც ადასტურებენ ან უარყოფენ დოკუმენტში მოცემულ ინფორმაციას», - ნათქვამია აფახაზი ჟურნალისტების განცხადებაში.

დე ფაქტო აფხაზეთის ექს - პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი 12 თებერვალს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად სოხუმში დაბრუნდა. "პარლამენტის" დეპუტატობის კანდიდატად "საარჩევნო კომისიაში" ის სამმა საინიციატივო ჯგუფმა დაარეგისტრირა. კენჭისყრას ის გუდაუთის №18 უბანზე აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ანქვაბმა "პრეზიდენტის" თანამდებობა 2014 წლის 1 ივლისს, მას შემდეგ დატოვა, რაც ოპოზიციამ ის ქართული მოსახლეობისთვის "აფხაზური პასპორტების" უკანონოდ გაცემაში დაადანაშაულა.

დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნები 2017 წლის 12 მარტს არის დანიშნული.

Print