რეგიონი
კონფლიქტები და ქართულ-რუსული სავაჭრო ურთიერთობები - დისკუსია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა თემაზე: "კონფლიქტები საქართველოში - ახალი გამოწვევების პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები" გაიმართა.

პოლიტიკის ანალიტიკოსმა არჩილ გეგეშიძემ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სავაჭრო დერეფნების ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო სავაჭრო ურთიერთობა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში. მისივე განმარტებით, აფხაზეთის ჩართულობა რუსეთიდან საქართველოში და პირიქით, ტვირთის აფხაზეთის გავლით გადაზიდვას გულისხმობს.

დისკუსიისას აქცენტი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე გაკეთდა. გეგეშიძემ აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი ძალისმიერი გზით ვერ მოგვარდება. ის ამბობს, რომ საჭიროა "კონფლიქტის მოგვარების ორმხრივი სურვილი და რუსეთის ფაქტორის შეცვლა, რაც ხანგრძლივი პროცესი იქნება".

ასევე, შეხვედრაზე სახელმწიფო მართვის მაგისტრი დავით ლოგუა რეგიონში არსებულ რუსეთის პროპაგანდას შეეხო. მისი თქმით, პროპაგანდას უნდა ვებრძოლოთ საგანმანათლებლო შეხვედრებით, რაც ხშირად უნდა იმართებოდეს რეგიონში.

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა "კავკასიური სახლის" და "ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის" ორგანიზებით გაიმართა.

Print