რეგიონი
ზუგდიდის თემის თვითმმართველობებში ყველაზე მეტი პრემია გაიცა (ვიდეო)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მიერ გაწეულ ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით, დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კვლევა წარმოადგინა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2016 წელს გამგეობებსა და საკრებულოებს შორის პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაიცა. გამგეობაში პრემიის ოდენობამ 771 825 ლარი შეადგინა, ხოლო საკრებულოში  201 440 ლარს გადააჭარბა. ამ მხრივ ყველაზე ნაკლები ხარჯები მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობებმა გაწიეს.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ხშირ შემთხვევებში პრემიები დასაბუთების გარეშე გაიცა. ორგანიზაციის ზუგდიდის წარმომადგენლობის კოორდინატორის არჩილ თოდუას თქმით, პრემიის გაცემის წესში ხარვეზები უნდა გამოსწორდეს. 

დადგენილება უნდა იყოს იმდაგვარი, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირს პრემიის გაცემა უნდა შეეძლოს მხოლოდ მაშინ, თუკი ამას კონკრეტული საჯარო მოხელე იმსახურებს“, - აღნიშნა თოდუამ.

გარდა შრომის ანაზღაურებისა, ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია მუნიციპალიტეტების მიერ სატელეფონო კომუნიკაციებზე, მივლინებებსა და საწვავის შესაძენად გაწეულ ხარჯებზე.

Print