რეგიონი
ზუგდიდში ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეებს სასამართლო ერთობლივად განიხილავს (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ყოფილი საჯარო მოხელის კახა კვარაცხელიას საქმეზე მოსამზადებელი სასამართლო სხდომა გაიმართა.

მხარეები დაეთანხმნენ მოსამართლის ლაურა მიქავას შეთავაზებას აღნიშნული საქმისა და ასევე, სამსახურიდან ატესტაციის შედეგად გათავისუფლებული გამგებლების საქმის გაერთიანებასთან დაკავშირებით. მოსამართლის თქმით, საქმეების იდენტობიდან გამომდინარე მათი გაერთიანება სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით უფრო ეფექტური იქნება. ყოფილი საჯარო მოხელეების ინტერესს სასამართლოში საია იცავს.

მოსამართლის პოზიციას იზიარებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი საია-ს იურისტი მირზა მამულაძე, რომელიც სამსახურიდან საჯარო მოხელეების გაშვებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.

რეალურად ამ საქმეში კახა კვარაცხელიას, ისევე, როგორც გამგებლის წარმომადგენლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების მოტივაცია იკვეთება. საქმეში არსებობს ყველა მტკიცებულება, რომელიც, მინიმუმ გონივრულ ეჭვს ბადებს ობიექტური დამკვირვებლის თვალში ატესტაციის რეალური მიზეზების შესახებ“, - აღნიშნა მამულაძემ.

მოსამართლემ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითვის შესახებ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რომლის თანახმადა შემდეგ სხდომაზე გამგებლის ყოფილი მოადგილე გიზო სართანია დაიკითხება. თავად მოსამართლის გადაწყვეტილებით კი საქმეზე საკონკურსო საატესტაციო კომისიის წევრებიც, მათ შორის, გამგებელი ლაშა გოგია, მისი მოადგილე მამუკა წოწერია და საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა დაიკითხებიან.

მთავარი სასამართლო სხდომა 17 მარტს გაიმართება.

ცნობისთვის, გასული წლის ნოემბერში ჩატარებული ატესტაციის შედეგად ზუგდიდის გამგეობის სამსახურიდან და აიპ-ებიდან, სხვადასხვა მიზეზით, ათობით ადამიანი დაითხოვეს. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან ისინი უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. თავის მხრივ, გამგეობაში ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ისინი ატესტაციის საფუზველზე გაათავისუფლეს.


Print