რეგიონი
ზუგდიდში დევნილებს წყალი კვლავ არ მიეწოდებათ
თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა ახალ დასახლებაში, მოსახლეობას 3 დღეა წყალი არ მიეწოდება. დევნილების თქმით, წყალსაქაჩი, რომელიც 10 დღის წინ შეაკეთეს, მწყობრიდან ისევ გამოვიდა. დღეს ახალ რაიონში სასმელი წყალი ქალაქის მერიამ სპეციალური მანქანით მიიტანა.

"გაუსაძლისი მდგომარეობა გვაქვს... შაბათ-კვირას არავინ მოსულა, უქმეები იყო და ალბათ ამიტომ... სასმელი წყალი ტაძრიდან დაგვაქვს და იქამდე, დაახლოებით, 1 კილომეტრია"
, - ამბობენ დევნილები.

ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მანუჩარ ჩილაჩავას თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ და საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, თუ ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დასახლებაში არსებულ ჭაბურღილზე.

ცნობისთვის, დევნილთა ახალ რაიონში წყლის პრობლემა ერთ წელზე მეტია, არსებობს. ამ პერიოდის განმავლობაში ჭაბურღილი, გაურკვეველი მიზეზების გამო, რამდენჯერმე დაბინძურდა და მწყობრიდან გამოვიდა წყალსაქაჩი. სასმელად ვარგისი წყლის მიწოდების მოთხოვნით დევნილები პერიოდულად საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

Print