რეგიონი
კვლევა: მგზავრთა გადაყვანის სფერო რეფორმებს საჭიროებს (ვიდეო)

საქალაქთაშორისო მიმოსვლის შესახებ ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა, სადაც ამ საკითხზე მომზადებული კვლევის შედეგები წარადგინეს. კვლევა ფონდის

„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და
CRRC-საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა.

მასში საგზაო უსაფრთხოების დარღვევის სხვადასხვა ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, მძღოლების მხრიდან სიჩქარის გადაჭარბება, ტელეფონის გამოყენება, მანევრირება, მგზავრების ფეხზე დაყენება ან მათი დამატებით სკამებზე განთავსება.

CRRC-საქართველოს მკვლევარის გიორგი ბაბუნაშვილის თქმით, მათ მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გარკვეული შედეგი გამოიღო.

„მძღოლების მხრიდან შემცირდა დარღვევების ფაქტები, მაგალითად, სიგარეტის მოწვევა, ტელეფონით სარგებლობა, აგრესიული მანევრირება“
, - აღნიშნა ბაბუნაშვილმა.

ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“დირექტორის ირაკლი იზორიას თქმით, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა იცოდნენ არსებული პრობლემების შესახებ და აუცილებელია გაიზარდოს ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა მათ მოგვარებაში.

მკვლევარების რეკომენდაციით, საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭიროა საკანონმდებლო სიცარიელეების ამოვსება, მონიტორინგი და აღსრულების ეფექტური გზები. ამასთან, მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაა საჭირო, რომელიც მიმართული იქნება მგზავრთა უსაფრთხოებისა და კომფორტის ზრდაზე.

 


 

Print