რეგიონი
“უთვალავი წინდების“ აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მსვლელობა გაიმართა. ღონისძიებაში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, მათი მშობლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და თვითმმართველობის წარმომადგნლები მონაწილეობდნენ. მათ ხელზე დაუნის სინდრომის სიმბოლო ჭრელი წინდები ეკეთათ. 

მერიის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო სხულუხიას თქმით, აქციის მიზანი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისადმი მხარდაჭერაა.

„ჩვენი თანადგომით ვამტკიცებთ იმას, რომ ისინი არაფრით არ განსხვავდებიან ჩვეულებრივი ბავშვებისგან და მათ აქვთ ყველა ის უფლება, რაც ყველა დანარჩენ მოქალაქეს... გვინდა გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა ნებისმიერ წამოწყებაში, რომელიც ცხოვრებას გაუხალისებს და ხელს შეუწყობს მათ რესოციალიზაციას“, - თქვა სხულუხიამ.

აქციას ორგანიზაცია „დღის ცენტრი“ შეუერთდა, რომელიც დაუნის სინდრომის მქონდე ბავშვებთან მუშაობს.

„ესენი კეთილსინდისიერი და უბოროტო ადამიანები არიან, ეს არის მათი ცხოვრება და გამოდის, რომ ჩემიც“, - თქვა "დღის ცენტრის" ადმინისტრატორმა იამზე ალფენიძემ.

ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა.

ცნობისთვის, 2006 წლიდან, ყოველ 21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. "21" იმიტომ, რომ ნაცვლად 46 ქრომოსომისა, ამ ადამიანებს ერთი ზედმეტი ქრომოსომა აქვთ 21-ე წყვილში.


Print