რეგიონი
პრემიერ-მინისტრი დღეს სამეგრელოს რეგიონს ეწვევა
ზუგდიდში დღეს, 11:00 საათზე, C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გაიხსნება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გახსნაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

მათივე ინფორმაციით, C ჰეპატიტის მართვის ცენტრში ბენეფიციარები სკრინინგს, დიაგნოსტიკას, ექიმის კონსულტაციას, რეგისტრაციასა და მედიკამენტებს ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ.

12:00 საათზე, მთავრობის მეთაური ზუგდიდის ტექნოპარკს ესტუმრება, სადაც ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ ადგილობრივ მოსწავლეებს შეხვდება. ასევე, პრემიერი ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებს და სოფელ ზედა ეწერში ხილის გადამამუშავებელ ახალ საწარმოს გახსნის.

14:00 საათზე, გიორგი კვირიკაშვილი მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნობა.

Print