რეგიონი
ზუგდიდის პროკურორი მოსწავლეებს ნარკოტიკების მავნე ზეგავლენაზე ესაუბრა (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონული პროკურორი ლევან სალია დღეს #3 საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებს შეხვდა. ის მოზარდებს ნარკოტიკული საშუალებების სახეებსა და მისი მოხმარების ნეგატიურ შედეგებზე ესაუბრა. ამასთან, სალიამ მოსწავლეებს მთავარი პროკურატურის მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო. ღონისძიება მთავარი პროკურატურის მიერ ანტინარკოტიკული კვირეულის ფარგლებში გაიმართა. პროკურორის მიერ წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, სამეგრელოს რეგიონი ნარკოტიკების მოხმარების მხრივ მეოთხე ადგილზეა და მისივე ცნობით, ჩვენს რეგიონში ყველაზე მეტად მარიხუანას მოიხმარენ. ზუგდიდის პროკურორმა სკოლის მოსწავლეებს უთხრა, რომ ნარკოტიკების მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობას ანადგურებს და მის ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

„დღევანდელი შეხვედრა საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. მოსწავლეებს გარკვეული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე ჰქონდათ და მათი უმრავლესობა ემხრობა იმ აზრს, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება ნეგატიურ გავლენას ახდენს“, - განაცხადა ლევან სალიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ 2017 წლის 20 მარტიდან ანტინარკოტიკული კამპანიის კვირეული დაიწყო. 


Print