რეგიონი
„მოძრაობა ბავშვთა უფლებების დასაცავად“ - „ერთსულოვნების“ ახალი პროექტი
ზუგდიდში დევნილთა ჩასახლებასთან არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ"ერთსულოვნება" პროექტის "მოძრაობა ბავშვთა უფლებების დასაცავად" პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციამ დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში საპროექტო განაცხადი შეიტანა და გრანტიც მიიღო. პროექტი ადვოკატირების კამპანიის დაფინანსებას გულისხმობს.

ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის, ტრენინგები ჩასახლებაში მცხოვრები დევნილი და ადგილობრივი მშობლებისთვის.

"დასახლებაში არის 125 მცირეწლოვანი ბავშვი, რომელსაც არ აქვს საშუალება მიიღოს სკოლამდელი განათლება. ეს არის დასაწყისი იმისა, რომ მათ მიეცეთ ეს შესაძლებლობა და ადგილობრივებთან ერთად ისწავლონ. იმედი მაქვს, ამ კამპანიით შევძლებთ და მივაღწევთ იმას, რომ ამ დასახლებაში საბავშვო ბაღი აშენდეს", - თქვა ორგანიზაციის ასისტენტმა ჟანა ჯახაიამ.

შეხვედრას დევნილები და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცნობისთვის, ორგანიზაცია „ერთსულოვნება“ 2015 წელს პროექტის "ზომების გატარება იძულებით გადაადგილებულ პირთა თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისათვის“ ფარგლებში ჩამოყალიბდა. მას მუნიციპალური განვითარების ფონდისა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით, ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებდა. იგი მიზნად დევნილების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას ისახავდა. ზუგდიდის გარდა, მსგავსი ორგანიზაციები ფოთის, ქუთაისისა და წყალტუბოს დევნილთა დასახლებაში ჩამოყალიბდა.












Print