ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ (ვიდეო)
13:47 / 05.04.2017
ზუგდიდის მერიის შენობასთან ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის
შენარჩუნების მოთხოვნით „ნაციონალური
მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა ხელმოწერების შეგროვება
დაიწყეს. მას შემდეგ, რაც მოთხოვნას ხელს ყველა მსურველი მოაწერს, ის
საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტს წარედგინება. საკრებულოს
წევრის ანა წითლიძის თქმით, ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის
სტატუსის ჩამორთმევა დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია და ამით
ქალაქს განვითარების შესაძლებლობა წაერთმევა.
„დღეს ზუგდიდს სჭირდება კიდევ უფრო მეტი განვითარება, მეტი
ბიუჯეტი, მეტი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. არ შეიძლება მას წაართვან
ქალაქის სტატუსი. ნებისმიერი ზუგდიდელი, მიუხედავად პოლიტიკური
შეხედულებებისა, ამ პოზიციას იზიარებს“, - აღნიშნა
წითლიძემ.
„თავი დაანებონ ბიუროკრატიულ ხარჯებს და ზუგდიდელებს
შეგვინარჩუნონ ქალაქის სტატუსი“, - თქვა ერთ-ერთმა
ხელმომწერმა ნოდარ გულორდავამ.
ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ადასტურებს, რომ დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების
კვლავ გაერთიანებაზე. ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედმა
საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი
ერთეულების გაუქმება ყოვლად დაუშვებელია.
მასალის გამოყენების პირობები