რეგიონი
გუბერნიის წარმომადგენლებმა ხობში ინფარსტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ხობში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დათვალიერა. გუბერნიის ადმინისტრაციის ცნობით, ხობის კულტურის სახლის, ხობი-ახალსოფელის, გიმოზგონჯილის და ზენის გზების სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.

კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს და მას სრული რეაბილიტაცია უტარდება. მთლიანად იცვლება სცენა, შიდა ინტერიერი, გარე ექსტერიერი, ეწყობა მთავარი დარბაზი, საგრიმიორო, სარეპეტიციო ოთახები, განათების, გათბობის, წყლის და უსაფრთხოების სისტემები. პროექტის ღირებულება 849 849 ლარს შეადგენს და ის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

შიდა სახელმწიფოებრივი გზის ხობი-ახალსოფელი-რკინიგზის სადგურის 10.5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა კი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

სოფელ ზენში საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი 3 300 მეტრ მანძილზე დაიგება, მოეწყობა წყალსაწრეტი არხები, მილხიდები, ბორდიურები და ეზოებში შესასვლელები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 859 141 ლარს შეადგენს. რაც შეეხება სოფელ იმოზგონჯილს, აქ ასფალტ-ბეტონის საფარი 2,4 კილომეტრზე დაიგება, მოეწყობა მილხიდები, ეზოებში შესასვლელები და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. პროექტის ღირებულება ჯამში 630 ათას ლარს შეადგენს.


Print