რეგიონი
მერაბ ქვარაია: რას იზამ, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლას განცხადებით ეხმაურება. ის პრეზიდენტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დღესასწაულზე არც პრეზიდენტის და არც სხვა მსგავსი მოსმენა არ უნდა დაინიშნოს. რადიო "ათინათი" მერაბ ქვარაიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მართალია კანონი არ კრძალავს, მაგრამ შემდგომში უმჯობესია არ დაინიშნოს დღესასწაულზე არც პრეზიდენტის და არც სხვა მსგავსი მოსმენა, სადღესასწაულო განწყობის ნაცვლად საზოგადოებაში სულ სხვა უარყოფითი ემოცია და ნეგატივი შემოაქვს.

პრეზიდენტმა მართალია გამოთქვა სურვილი და გვითხრა რომ უნდა ყველას პრეზიდენტი იყოს, მაგრამ საქმით სრულიად საწინააღმდეგო გააკეთა. ცუდია, მაგრამ იმ ტექსტით და პოლიტიკით, რაც მოვისმინეთ, ეს ვერასდროს გამოუვა. მისთვის, ქვეყნისთვისაც და საზოგადოებისთვისაც უკეთესი იქნებოდა მისი სიტყვა უფრო ერთობის, გამთლიანების, ობიექტურობისა და პოზიტივისკენ ყოფილიყო მიმართული.

რბილად რომ ვთქვათ გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი! რას იზამ, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია, დღეს კი ხარების დღესასწაულია, ამიტომ მეტს ვერაფერს ვიტყვი... ხარებას გილოცავთ ყველას, - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა. მან სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. ის აცხადებს, რომ საჭიროა მაღალავტორიტეტულ ევროპელ ექსპერტთა მისია, რომელიც სასამართლო კრიზისის ზუსტ მიზეზებს გამოკვეთს და დაეხმარება ქვეყანას გამოსავლის ძიებაში. პრეზიდენტის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მოსამართლეთა მეტი დაცულობა და დამოუკიდებლობა.

პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს კანონმდებლები, პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპკორპუსი უსმენს.

Print