რეგიონი
რიყეში დაკავებულების ოჯახი საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს (ვიდეო)
რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მამა-შვილის არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ენგურის ხიდზე აქცია გამართეს. ისინი საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში სდებენ ბრალს და დაკავებულების გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ. როგავების ოჯახის ერთ-ერთი წევრის თინათინ როგავას თქმით, მათ მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ დაკავშირებია. აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი უწყებები მათ მოთხოვნებზე რეაგირებას არ მოახდენენ, პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

ვითხოვთ, რომ მთავრობამ რამე გაგვაგებინოს. ჯანმრთელად და უვნებლად დაგვიბრუნდეს მამა და ძმა. უკვე რამდენიმე დღეა, მათ შესახებ არაფერი გაგვიგია. ყურადღებას თუ არ მოგვაქცევენ, შიმშილობას დავიწყებთ. სხვა ჩვენ არაფერი შეგვიძლია“, - უთხრა ჟურნალისტებს თინათინ როგავამ.

დღევანდელ აქციას შეუერთნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათი თქმით, საქართველოს მოქალაქეები საოკუპაციო ხაზთან თავს დაცულად არ გრძნობენ და მოუწოდეს ხელისუფლებას, რათა გააკეთოს ყველაფერი დაკავებული მამა-შვილი ოჯახისთვის დასაბრუნებლად. ანი წითლიძის განმარტებით, ხელისუფლებას აქვს ერთადერთი ბერკეტი, რომ რუს ოკუპანტებთან ნებისმიერ ფორმატში შეძლოს და აწარმოოს  მოლაპარაკება საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებად.

ჩვენ დავდგებით მათთან ერთად და მივმართავთ ყველანაირი პროტესტის ფორმას კანონის ფარგლებში, რომ ამ ადამინებმა დაიბრუნონ საკუთარი ოჯახის წევრები... ჩვენ უკვე დავუკავშირდით არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს და ვაპირებთ საქმის კურსში ჩავაყენოთ ყველა დიპლომატიური კორპუსი“, - თქვა წითლიძემ.

ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის პოლიტიკური მდივნის თეიმურაზ ბასიალას განცხადებით, ბოლო პერიოდში გახშირებული მსგავსი შემთხვევები შესაბამისი უწყებების არასათანადო მუშაობაზე მიუთითებს.

„ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველანაირი ზომები, არის სამხრივი შეხვედრები, არის შესაბამისი უწყებები, რომელთან აქვს კონტაქტი მეორე მხარესთან. დღეს მყისიერი რეაგირებაა საჭირო, რადგან უკვე მეხუთე დღეა, არავითარი ინფორმაცია არ ვრცელდება“, - აღნიშნა ბასიალაიამ.

დაკავებულების ახლობლების მტკიცებით, მამა-შვილ როგავებს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მცხოვრებლები - მამა-შვილი როგავები, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 5 აპრილს დააკავეს. დაკავებულების ადგილსამყოფელი, ამ დროისთვის, უცნობია.

ამავე თემაზე:


რიყეში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები შველას ითხოვენ (ვიდეო)


Print