რეგიონი
მერია: შადრევნის აუზში მოწყობილ ბარს დაშლიან

ზუგდიდში, სავაჭრო ცენტრ "ალიანსის" შენობის წინ შადრევნისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ბარი მოაწყვეს. ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის

ვახტანგ აკობიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ფაქტი კანონს ეწინაღმდეგება, ობიექტს დაშლიან.

 

"ერთმა მეწარმემ მთხოვა იქ ბარის მოწყობა და მეც დავთანხმდი. თუმცა ვუთხარი, მერიაში იკითხე, იქნებ არ შეიძლება-მეთქი, მაგრამ მას ეს არ გაურკვევია. მეპატრონე მივა მერიაში და ყველაფერს გაარკვევს... თუმცა რაღა მაინცდამაინც ეს ნახეს... გაიხედონ მეორე მხარეს, რას გავს ბაზარი...", - უთხრა რადიო "ათინათს" აკობიამ.

ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ობიექტის მოწყობა მათთან შეთანხმების გარეშე მოხდა და ის სასწრაფოდ უნდა აიღონ.

"დაბარებული გვყავს მეპატრონე, იქ ბარი არ უნდა იყოს. გასაგებია, ტერიტორია კერძო საკუთრებაა, მაგრამ თუ რომელიმე ნაგებობა ან მსგავსი კაფე-ბარი ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, ის არ უნდა არსებობდეს", - თქვა ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ნუკრი ესართიამ.

მერიაში აცხადებენ, რომ თუ აღნიშნული ბარის მესაკუთრე მის დემონტაჟს დროულად არ განახორციელებს, კანონის შესაბამისად დაჯარიმდება.

 

 

Print