რეგიონი
ხანძრის შედეგად დაღუპულის ახლობლები დახმარებას ითხოვენ (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში დოჩიების სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ოჯახის ერთ-ერთი წევრი, 77 წლის ვალიკო დოჩია დაიღუპა, ხოლო მისი ხუთსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ცეცხლის გაჩენის დროს ადგილზე მასთან ერთად მცირეწლოვანი შვილიშვილები იმყოფებოდნენ. მეზობლები ყვებიან, რომ მათ ბავშვის ფანჯრიდან გამოყვანა შეძლეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. 

დოჩიების ოჯახი სოციალურად დაუცველია. ახლობლები და მეზობლები ამბობენ, რომ დაზარალებული და-ძმა და სამი მცირეწლოვანი ბავშვი უკიდურესად მძიმე პირობებში არიან. ისინი ოჯახისთვის დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ. 

ძალიან რთული და მძიმე სოციალური მდგომარეობაა. დაპირებები არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად დაეხმარონ ამ ოჯახს. ჩვენც,მეზობლებს, ახლობლებს, რითაც შეგიძლია, ვეხმარებით, თუმცა ხუთსულიანი ოჯახის შეფარება დღევანდელ პირობებში ჩვენთვისაც ძალიან რთულია“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მეზობელმა მამუკა ბიგვავამ.

მოლოდინის რეჟიმში ვართ. ოჯახმა მიიღო დახმარების დაპირება, თუმცა, მას შემდეგ, ჯერჯერობით, არავინ შეგვხმიანებია. ჩვენ ვითხოვთ, რომ მათ ელემენტარული პირობები შეექმნათ, რათა ბავშვები ქუჩაში არ დარჩნენ“, - თქვა გარდაცვლილის ძმისშვილმა სალომე დოჩიამ.

გამგეობის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის გოგი რევიას თქმით, ოჯახს გამგეობამ 1000 ლარი უკვე ჩაურიცხა. ამასთან, ისინი დამატებით 200 ლარითა და სხვადასხვა სამშენებლო მასალითაც დაეხმარებიან. რაც შეეხება მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, რევიას განმარტებით, ამ ეტაპზე მხოლოდ ბინის ქირავნობის თანხის გადახდაა შესაძლებელი.

გვაქვს სახლების მშენებლობის პროგრამაც, თუმცა ეს ასე სახელდახელდო არ ხდება. ამ წელს პროცესის ყველა ეტაპი უკვე გავლილია. ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ქირის გადახდა სოციალური პროგრამის ფარგლებში. თავად უნდა მოძებნონ საცხოვრებელი და ჩვენ გადავუხდით 100 ლარს ყოველ თვე“, - განაცხადა რევიამ.

77 წლის ვალიკო დოჩია 6 აპრილს დაიღუპა. ის დღეს დაკრძალეს.


Print