რეგიონი
სენაკელებს გაზის ტარიფი გაუძვირდათ (ვიდეო)
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დღეს ხმაურით დაიწყო. ენმ-ის სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლაშა კუჭავას განცხადებით, სენაკის მოსახლეობას ბუნებრივი აირის გაზრდილი გადასახადი მოუვიდათ. 

,, გასკო პლიუსმა მოსახლეობას გამოუგზავნა 20 თეთრით მომატებული გაზის ქვითრები. საკრებულოს თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ არც ის და არც გამგებელი საქმის კურსში არ იყვნენ. სენაკის გამგებელს აინტერესებს მხოლოდ ტენდერები და ფიქრობს თავისი ოჯახის გამდიდრებაზე,’’- აღნიშნა კუჭავამ.

საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა ამბობს, რომ ეს პრობლემა აუცილებლად მოსახლეობის სასარგებლოდ გადაწყდება და მათ დარიცხული თანხა დაუბრუნდებათ.

,,მოვითხოვ, რომ გაგვარკვიონ, თუ რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა თვითონ ამ კომპანიამ და თან ესე თვითნებურად. გავუგზავნეთ წერილი სემეკს და ენერგეტიკის მინისტრს და აუცილებლად იქნება მწვავე რეაგირება,’’- ამბობს ლაშქარავა.

რადიო ,,ათინათი’’ შეეცადა ,,გასკო პლიუსის’’ ხელმძღვანელთან დავით ბაღათურიასთნ დაკავშირებას, მაგრამ ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ცნობისთვის, სენაკში მსგავსი შემთხვევა 2016 წელსაც მოხდა, რასაც მოსახლეობის მხრიდან საპროტესტო აქცია მოყვა. მაშინ კომპანიამ დარიცხული თანხა მოსახლეობას დაუბრუნა.

Print