რეგიონი
გარე ვაჭრობის აკრძალვის განხილვა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ხმაური გამოიწვია გარე ვაჭრობის რეგულირების წესის განხილვამ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები დაინტერესდნენ, თუ რატომ შევიდა დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში აღნიშნული საკითხი, მაშინ, როცა ადგილობრივ თვითმმართველობას მოცემული წესის რეგულაციაზე შეხვედრები უნდა გაეგრძელებინა. საკრებულომ გარე ვაჭრობის რეგულირების წესი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. 

წითლიძის შეფასებით, გადაწყვეტილება ნაჩქარევადაა მიღებული და ხელისუფლება არ ითვალისწინებს გარემოვაჭრეების აზრს. მას საკრებულოს წევრმა თენგიზ ხარჩილავამ უპასუხა და თქვა, რომ მსგავსი ფაქტები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ხდებოდა. საკრებულოს წევრებს შორის დაწყებული შელაპარაკება ურთიერთბრალდებებსა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რის შემდეგაც ხარჩილავამ ოთახი დატოვა. დაპირისპირება სხდომის დასრულების შემდეგ მცირე ხნით ფოეიშიც გაგრძელდა.

მერის მხრიდან იყო დაპირება, რომ საკრებულო საკითხს არ მიიღებდა მანამ, სანამ არ შეჯერდებოდა მოვაჭრეების, გარემოვაჭრეების, არასამთავრობოებისა, ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციები და გადაწყვეტილებას მივიღებდით ერთობლივად. ქალაქის იერსახის მოწესრიგება ყველას ინტერესებშია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიიღო ასე სწრაფად და არ გაითვალისწინო სხვების აზრი“, - აღნიშნა წითლიძემ.

საკითხს „შემოგდებულს“ უწოდებს ბათლომე შელიაც და ამბობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის გაუგებარი და მიუღებელია. 

ბოლომდე ვიყავით ჩართული ოპოზიციის წარმომადგენლები პროცესში, მაგრამ დღეს ხელისუფლებამ მაინც თავად მიიღო გადაწყვეტილება. არ ვენდობი, რადგან ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც უმტკივნეულოდ ჩაატარებს ამ პროცესს“, - თქვა ჟურნალისტებთან შელიამ.

ოპოზიციისგან განსხვავებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ამტკიცებენ, რომ გადაწყვეტილება "ყველა პრინციპის დაცვით" მიიღეს.

ახლად დამტკიცებული რეგულაციის მიხედვით, გარე ვაჭრობა ქალაქის 15 ქუჩაზე აიკრძალება, თუმცა, ყვავილების, სუვენირების, წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გასაყიდად მოწყობილობების დადგმისთვის ნებართვა გაიცემა. სხდომაზე ითქვა, რომ გარემოვაჭრეები ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილდებიან, რაშიც ოპოზიციის წარმომადგენლებს ეჭვი ეპარებათ. 

გარე ვაჭრობის წესის რეგულაცია ძალაში რამდენიმე დღეში შევა.

Print