რეგიონი
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას შეხვდა, სადაც დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მცენარეთა მავნებლის - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშოები განიხილეს.

ჩეკურაშვილი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში თხილის პლანტაციაში მავნებლის დამჭერი ხაფანგები (ფერომონები) განათავსდება. მაისის ბოლოდან კი ნაკვეთების ქიმიური წამლობაა დაგეგმილი.

,,მავნებლის გავრცელების კერებში შეწამვლით სამუშაოებს ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული ჯგუფები განახორციელებს, რომლებსაც წინასწარ ჩაუტარდებათ შესაბამისი სწავლებები. მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი, პრეპარატი გადაეცემა,’’- აღნიშნა ჩეკურაშვილმა

მთავრობამ მავნებელთან ბრძოლის სამუშაოებისთვის 13 მილიონი ლარი გამოყო. პროექტის განხორციელებაში ქართველ სპეციალისტებს წამყვანი ამერიკელი ენტომოლოგები ეხმარებიან.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსისი მოადგილე გიორგი იაკობაშვილი დაესწრნენ.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. პოლიფაგი მავნებელი აზიანებს თხილსა და 100-ზე მეტი სახეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.

Print