რეგიონი
ლევან თორია - ტენდერები „ქართული ოცნების“ გამდიდრების წყაროდ იქცა (ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის წევრი ლევან თორია ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ტენდერები ,,ქართული ოცნების’’ გამდიდრების წყაროდ იქცა. მისივე მტკიცებით, კომპანია ,,აკა ენერჯი’’, რომელიც ზუგდიდში გარე განათების მოწყობაზე გამოცხადებულ ტენდერებს 2015 წლიდან იგებს, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძესთან დაახლოებული პირის კომპანიაა. ის ამბობს, რომ მას აქვს იმის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ ზუგდიდის მერია ამ კომპანიისთვის ტენდერებში იმ მოთხოვნებს აწესებს, რასაც მხოლოდ აღნიშნული კომპანია აკმაყოფილებს.

,,ახლაც გამოცხადებულია იგივე კატეგორიის ტენდერი და პრეტენდენტებს 1 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაო გამოცდილება მოეთხოვებათ, რაც სწორედ ,,აკა ენერჯის’’ აქვს, ლამპიონების მონტაჟის წინა ტენდერებში გამარჯვებიდან გამომდინარე. სწორედ ეს არის პოლიტიკური კორუფციის მაგალითი, რომელშიც კახა კალაძესთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან ჩართულნი,’’- აღნიშნა თორიამ.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრის ბრალდებები უსაფუძვლოა და თორიას განცხადებაზე კომენტარს არ გააკეთებენ.

Print