რეგიონი
სოხუმი და გაგრა სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან
ძლიერმა ქარიშხალმა, რომელმაც აფხაზეთის მთელს სანაპირო ზოლს გადაუარა,გაგრის და სოხუმის მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. აფხაზური მედიის ცნობით, გაგრაში ევკალიპტის ხე მირკოავტობუსს დაეცა, თუმცა, შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია. ქარმა სახლებს სახურავები გადახსნა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

სოხუმში სტიქიამ 20- მდე ხე წააქცია. ერთ-ერთი, ქალაქის მე-2 საავადმყოფოსთან მდგარ მსუბუქ ავტომობილს დაეცა. ტურბაზასა და სინოპში ოთხი ნაძვი წაიქცა, ტროლეიბუსის ხაზები გაწყვიტა, რამაც საავტომობილო მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. შესაბამისი სამსახურები ტრასის ხეებისგან გასათავისუფლებლად, საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.

კომუნალური სამსახურის უფროსის დმიტრი ახუბას ცნობით, ამ დროისათვის სოხუმი ზოგიერთ უბანს წყალი არ მიეწოდება, რადგან კელასურისა და გუმისტის სატუმბ სადგურებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. მისი თქმით, ავარიის სალიკვიდაციოს სამუშაოები გრძლედება.

დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა შესაბამის სტრუქტურებს დღის ბოლომდე სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის დათვლა დაავალა.


Print