რეგიონი
სოხუმი: ბიჭვინთა - მიუსერის ნაკრძალი შესაძლოა განადგურდეს
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა ბიჭვინთა - მიუსერის ნაკრძალში უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით,  გასვლითი თათბირი გამართა. რაულ ხაჯიმბას განცხადებით, აღნიშნული კანონადრღევევის წინააღმდეგ კონკრეტული ღონისძიებები დროულად არ განხორციელებულა.

ეკოლოგიის და ბუნების დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის საველი ჭითანავას განმარტებით, ყველაფერი, რაც ნაკრძალის ტერიტორიაზეა განთავსებული, „დაცულია კანონით“. „თუ ახლა არ შევაჩერებთ ამ სამუშაოებს, ჩვენ შესაძლოა ნაკრძალი დავკარგოთ, ამ ტერიტორიაზე დაუშვებელია რაიმე სახის სამშენებლო სამუშაოების წარმოება“, - თქვა ჭითანავამ.

თავის მხრივ, დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ აჩბამ აღნიშნა, რომ პროკურატურა დაინტერესებულია ამ საკითხით. „აღძრულია სისხლის სამართლის ორი საქმე, უკანონო მშენებლობასთან და კოლხური ბზის განადგურებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა მან.

აფხაზური მედიის ცნობით, შეხვედრის ბოლოს ხაჯიმბამ „გენერალურ პროკურატურას და შესაბამის სამსახურებს საკითხში გარკვევა და აღნიშნული კატეგორიის კანონდამრღევთა მიმართ სანქციების გაძლიერება დაავალა“.


Print