რეგიონი
გიორგი თოდუა: დავაზუსტებ და მერე აუცილებლად ვისაუბრებ რა შავბნელი საქმეებისთვის ემზადებიან (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში ''ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თანამდებობიდან გიორგი თოდუას გადაყენების მიზეზად მის განსხვავებულ აზრებს ასახელებენ. საკრებულოს თავმჯდომარის ნატალია შეროზიას თქმით, თოდუას გათავისუფლება საკრებულოს ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.

„არანაირი პირადი დაპირისპირება არ გვაქვს გიორგისთან, ჩვენი გუნდის ხედვები, მიზნები და ამოცანები არ ემთხვევა ერთმანეთს, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა შეროზიამ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია არ ეთანხმება და ამბობს, რომ ეს ფაქტი მორიგი პოლიტიკური დევნაა. ამასთან, ის უკმაყოფილოა თავმჯდომარის განმარტებებებით, თოდუას გადაყენების თაობაზე.

„მათ სურთ, რომ ყველაფერი ერთპარტიულ ჭრილში მოაქციონ და ემსახურებოდეს ერთ ადამიანს. დღევანდელი დღე არის ხელისუფლების უსინდისობის და უვიცობის დემონსტრირება“, - აღნიშნა შელიამ.

თავის მხრივ, გიორგი თოდუა ამბობს, რომ საკრებულოს წევრებზე ზეწოლა განხორციელდა. მისივე თქმით, მისი გადაყენება ორი ადგილობრივი მაღალჩინოსნის გადაწყვეტილებაა, თუმცა, ამ ეტაპზე, ის მათ ვინაობას არ ასახელებს.

ჯერ ვერ დავაკონკრეტებ იმიტომ, რომ დეტალებს ვაზუსტებ და მერე აუცილებლად ვისაუბრებ, რა შავბნელი საქმეებისთვის ემზადებიან...საქმე, რომელიც ქალაქს დააზიანებს“, - განაცხადა თოდუამ.

იგი საკრებულოში რჩება და მის საქმიანობაში აქტიურად ჩართვას გეგმავს.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნულ საკითხს მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, ორი წინააღმდეგ წავიდა.

ამავე თემაზე:

გიორგი თოდუას გადაყენების მოთხოვნით საკრებულოს ოთხმა დეპუტატმა მიმართა 

გიორგი თოდუა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადააყენეს 

გიორგი თოდუა მის შესაძლო გადაყენებაზე: ეტყობა, ვიღაცის გემოვნებაში არ ვჯდები

Print